Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სოფელი’

მომენატრა, ცრემლებამდე, ყელში ბურთი გაჩხერამდე მომენატრა ჩემი ხელებ დანაოჭებული ბებო 😦 წელს მეორე აღდგომა იყო ბებიას გარეშე… ბებიას გარეშე ყველანაირი გაგებით, შარშან “არ შეიძლებოდა” საფლავზე გასვლა, წელს პატარა იყო ავად და იძულების წესით დავრჩი თბილისში. წლების წინ როგორ სხვანაირად იყო ყველაფერი, ერთად ველოდებოდით აღდგომას, პარასკევს კვერცხებს ვღებავდით, რომელსაც კვირამდე არ გვაჭმევდა ბებო :დ :დ :დ კვირას კი ყველა სოფელში იყრიდა თავს და “დიადი მსვლელობისათვის” ვემზადებოდით. ბევრს ვერ ვწერ, არ შემიძლია, უბრალოდ მენატრები ბებო… ძალიან მენატრები, შენი დაუსრულებელი “ახალგაზრდა გოგოს არ ეკადრება” რჩევებით, შენი პალეოლითის ხანის ტრადიციულობით. მენატრება შენი გალეული დანაოჭებული ხელები, ყურზე ვარდისფერთვლიანი საყურეები. უშენოდ ძალიან ცარიელია სახლი.   ძალიან მენატრები……

გილოცავ აღდგომას

ქრისტე აღსდგა!

 

Advertisements

Read Full Post »

დღეს კვირაა, ის ბედნიერი კვირა როდესაც თვეში 1ხელ ამ დღით მიწევს ხოლმე დასვენება ❤ გუშინ საღამოს  სოფელში წასვლას ვაპირებდით ყველა  ჭირნახულს დასაბინავებლად 🙂  საღამოს დედამ დამირეკა, საშინლად ცივა, ბავშვის წამოყვანა არ ღირსო, მის გარეშე მე ვერ წავიდოდი, 1დღე ხომ მაინც უნდა პატარას დედა გვერდით. დღეს დილით გიო და ლევანი წავიდნენ უჩვენოდ. 1საათი იქნებოდა ალბათ, რომ დავურეკე და ვაშლს კრეფენ ხეზე არიან ასულებიო 😀 მათთან მომინდა ყოფნა, იმიტომ კი არა რომ ვაშლის კრეფის სურვილი მკლავდა :დ იქაურობა მომენატრა, სახლი, ეზო სადაც ბავშვობის ყველაზე ლამაზი პერიოდი მაქვს გატარებული. ჩემი პაპიდა ❤ აქედან მიხარია ხოლმე იქ წასვლა. იქ ჩასული უკან  მოვრბივარ. რაც ბებო გარდაიცვალა მას შემდეგ ძალიან მიჭირს. არ შემიძლია დღემდე ვერ შევეგუე მის არ ყოფნას. აქ რომ ვარ ვერ აღვიქვამ იმდენად მტკივნეულად, სოფელში რომ ჩავდივარ სულ მასზე ვფიქრობ. დღესაც მთელი დღეს უაზროდ ვიბორიალე წინ და უკან. იქაურობაზე ვფიქრობდი სულ. ბავშვობა მახსენდებოდა.  მე და ჩემი და დიდ ვერანდაზე ან ბაღში გავშლიდით ხოლმე პლედებს და ვიყურებოდით ცაში, ვუყურებდით მოსრიალე ღრუბლებს, როგორ იცვლიდნენ ფორმებს, თვითმფრინავების ნაკვალევს მანამდე ვიდრე საერთოდ არ აირეოდნენ ერთმანეთში და არ დაკარგავდნენ ფორმას. ვოცნებობდით 1000სისულელეზე, თუ მამა საქართველოში არ იყო ყოველ გადაფრენილ თვითმფრინავში ჩვენი ფანტაზიით მამას ჩავსვამდით და ხელს ვუქნევდით აქედან ❤  შემოდგომით როდესაც პაპა ვაშლის დასაბინავებლად იწყებდა მზადებას პირველ რიგში პატარა ყუთებს მოიტანდა. ჩვენ ჩვენებურად ვიყენებდით ამ ყუთებს ხეზე ვაშენებდით  სახლებს, შტაბებს, ლამის სამუდამოდ იქ გადავცხოვრებულიყავით ხოლმე 🙂

მენატრება ეს ყველაფერი, ტირილამდე მენატრება!!!

Read Full Post »

უკვე აღარ მიყვარს სოფლისაკენ მიმავალი გზა, ადრე შემეძლო მთელი მგზავრობის მანძილზე მეთვალიერებინა გარემო, სად რა შეიცვალა, სად ახალი სახლი აშენდა, ზაფხულში ხორბლის ყანებისთვის მეყურებინა, გაზაფხულზე ყაყაჩოს და სოსანისთვის მაგრამ ახლა ვეღარ. ამ სახლებს რომ ვხედავ გული მეწურება, ღირსება წართმეულად, ნაცემი ბავშვივით ვგრძნობ ხოლმე თავს. ომმა მეც რადიკალურად შემცვალა. წეროვანს, ხურვალეთს გზისპირა დასახლებებს შორიახლოდან ვხედავ, ჩემი სოფლისკენ რომ გადავუხვევთ კიდევ იქვე 10მეტრში არის ახალი სოფელი, ახალი ბერბუკი. სულ სადღაც 50-70 სახლი იქნება. დაახლოებით 1.5 წელია იქ ცხოვრობენ,ყოველ ჩასვლაზე ერთი რამ მატირებს განსაკუთრებით, სასაფლაო საოცარი სისწრაფით იზრდება და იზრდება. დღეს მანქანიდან ვითვლიდი, 60მდეა თუ მეტი არა. ძალიან ბევრია ასეთი პატარა სოფლისთვის. ასე მგონია ვერ უძლებენ იმ ტკივილს რასაც შენს მშობლიურ სახლთან ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნა ქვია. წარმოიდგინე იქვე სულ რაღაც 30 კილომეტრში გეგულებოდეს შენი სახლი, შენი მიწა, შენი ეზო და ვერ მიდიოდე…………..
როდემდე, როდემდე????

Read Full Post »

ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტები როდესაც წარსული სასიამოვნოდ გვახსენებს თავს. გასულ კვირას ჩემ სოფელში ვოიაჟსაც ქონდა ასეთი ეფექტი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ დედამ ყველა ჩემი სკოლის დროინდელი რვეული თუ ჩანაწერი ერთ ყუთში მოათავსა და სოფელში შეინახა. შაბათს აივანზე ბოდიალისას შემთხვევით გადავაწყდი ამ ყუთს, გავხსენი და წავედი შორს უკან, ჩემს ბავშვობაში…სათითაოდ ვიღებდი ამ დამტვერილ რვეულებს ვათვალიერებდი, განსაკუთრებით უკან გვერდებს, ჩემი და ეკას წერილები და ნაჯღაბნები ჭარბობდა ტექსტით: აუ მე არ გამიძახოს, თუ გამიძახებს ეს ადგილი მიკარნახე, დღეს მუსიკა მაქვს და მეზარება, აუ მეც, მოდი გავაცდინოთ. შეხედე მასწავლებელს სად იყურება, ჭერში ბუზებს თვლის? აუ ოფოფივით აქვს თმები და ა.შ. რამდენჯერ დავუჭერივართ ამ რვეულების მიწოდება-მოწოდების დროს 🙂 ვაგრძელებ ქექვას, წიგნები, სავარჯიშოები, წერილები ბოლოს ერთი იყო დარჩენილი, გაცრეცილი და დათხელებული, მაშინვე ვიცანი, ოდესღაც 100ფურცლიანი რვეული იყო, ქართულისთვის, მაგრამ დღეს 40ფურცელზეა ჩამოსული. გადავფურცლე და რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. მეცხრე კლასის რვეული იყო, ამ პერიოდში განსაკუთრებით მინდოდა რეპორტიორობა, ვიჯექი და ვწერდი ჩანახატებს, ვიღებდი ინტერვიუებს სკოლის გაზეთისთვის. მერე იყო ზვიადისთან კერძო გაკვეთილები. ამ ადამიანმა უამრავი რამ მასწავლა, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ინტერვიუებს მავალებდა ლიტერატურულ პერსონაჟებთან, არჩევანში არ მზღუდავდა, მეც ბედნიერი ვიყავი, ვწერდი და ვწერდი. ამ რვეულში რამოდენიმე ასეთი ინტერვიუ იყო შემორჩენილი, თვითონაც გამიკვირდა რამხელა ფანტაზია მქონია 14-15წლის ასაკში 🙂 პირველი დავალება იყო ინტერვიუ ჩემს საყვარელ ლიტ. პერსონაჟთან. და ვინ იყო ის? გამოცნობა თქვენთვის მომინდვია 🙂

– გამარჯობათ მის შარპ. გმადლობთ რომ დამთანხმდით შეხვედრაზე.
მის შარპ მე არ შემიძლია ჩვენი საუბრის დასაწყისშივე არ შეგადაროთ კვაჭი კვაჭანტირაძესა და ოსტაპ ბენდერს. თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ,მიუღებელი ხომ არაა თქვენთვის?
– არა რატომ, ჩვენ სამივე ძალიან ვგავართ ერთმანეთს, არაფრისგან ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ყველას და ყველაფერს ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყენებთ, ცივი გონებით ვმსჯელობთ, გრძნობებს არ ავყვებით, არავინ გვიყვარს საკუთარი თავის გარდა. მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად და სხვები არ გვეკითხება.
– თქვენ სიყვარული ახსენეტ. იყო ადამიანი რომელსაც თქვენ უსაზღვროდ უყვარდით, მაგრამ თქვენ არც ის დაინდეთ.
– მის სედლის გულისხმობთ ალბათ არა? ემილია ჯორჯ ოზბორნისთვის ცოცხლობდა, ადამიანისთვის რომელიც მთელი არსებით მძულდა. სამწუხარია ემილია ჩემი შურისძიების მსხვერპლი რომ გახდა.
-მის შარპ თქვენ გყავდათ კიდევ სხვა კეთილის მსურველიც, მის კროული, რომელიც ტქვენ დიდ პატივს გცემდათ.
– მართალია, მის კროული როუდონის მამიდა რომ არ ყოფილიყო ჩვენ ბოლომდე ერთად დავრჩებოდით. ჩვენს ხასიათებში ძალიან დიდი მსგავსება იყო, ალბათ ეს იყო ურთიერთპატივისცემის ერთერთი მიზეზი
– სერ პიტზე რას მეტყვით?
– სერ პიტი? უზომოდ ძუნწი, გადაგვარებული და გაქსუებული ”წარჩინებული” წარმოიდგინეთ ”არისტოკრატი” რომელიც მთელი დღე იმას ფიქრობს როგორია თალგამის მოსავალი ან კიდევ რამდენს იწონის გასუქებული ბურვაკი!
– თქვენ გქონდათ შანსი მისი მეუღლე გამხდარიყავით. მან ცოლობა გთხოვათ
– ყველაფრის მიუხედავად სხვა მდგომარეობაში მე ამ წინადადებაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ სამწუხაროდ, იმ დროს უკვე გათხოვილი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის შემოთავაზებული ყველაზე იღბლიანი წინადადება რაც ჩემი წინდაუხედაობის გამო ვერ განხორციელდა.
– როუდონ კროული, რატომ გათხოვდით მასზე?
– იმის მიუხედავად რომ როუდონი მის კროულის მემკვიდრე იყო, სამწუხაროდ ჩვენი ნაბიჯები ბოლომდე მაინც ვერ გავთვალეთ და მემკვიდრეობის გარეშე დავრჩით.
– თუმცა თქვენ ამ მემკვიდრეობის გარეშეც მშვენივრად გრძნობთ თავს
– ნამდვილად.როუდონი ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. ჩვენ გენერალ ტაფტთან დაახლოებული პირები ვართ, ეს კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს ინგლისში. ასევე ძალიან გვეხმარება მის კროულის სახელიც, რომელიც ძალიან კარგად ახსოვთ ლონდონში.
– მის შარპ თქვენ შეგეძინათ შვილი, რას აპირებთ მასაც თქვენი პრინციპებით აღზრდით?
– რატომაც არა? მე ჩემი პრინციპებით მივაღწიე იმას რაც მაქვს. ვერავიტარ ცუდს ვერ ვხედავ ამაში.
– დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. გისურვებთ ახლა მაინც დაგესვენათ ამაოების ბაზრის ფაციფუცისა და შეხლა-შემოხლისაგან

ზედმეტად ბავშვურია, ბევრი შეცდომაა, არც თუ ისე გამართული წინადადებები 🙂 მაგრამ მაინც კარგია
აფსუს ჩემო დაკარგულო ჟურნალისტის ნიჭო 😀

Read Full Post »