Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბავშვობა’

სადაცაა 30 წლის გავხდები, ვცდილობ გავიხსენო პირველი ახალი წელი რომელიც მეხსიერებაში შემომრჩა, ვერ ვიხსენებ… კადრები ერთმანეთს ენაცვლებიან, ვცდილობ ერთმანეთთან დავაკავშირო, მაგრამ არ გამომდის. მთელი ბავშვობა მესმოდა: ახალ წელს სასწაულები ხდება, ახალ წელს რასაც ჩაიფიქრებ აუცილებლად აგისრულდება, ახალ წელს განვლილი წლის საზღაურს იღებ და ამ ყველაფერმა ახალი წელი ჯადოსნურ დღესასწაულად მიქცია.

წლიდან წლამდე ველოდები სასწაულებს…..

წლიდან წლამდე ვიზრდებოდი, ვიცვლებოდი, სხვადასხვა სასწაულის მომსწრე ვხდებოდი…..

tumblr_my69hjOa611qe87fgo1_1280

აი ახლაც არ ვიცი რა მინდა 2016 წლისგან…  ბედნიერი მინდა ვიყო, 2015-ში ძალიან ბევრი ცუდი და ძალიან ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი რამ მოხდა… 2015 წლის სიკარგეებმა მინდა 2016 და კიდევ ბევრი წელი გამაბედნიერონ.

ჩემს გარშემო ხალხმა უბრალოდ მინდა რომ გამიშვან.

ნუ მახრჩობთ თქვენი ვალდებულებებით, დიდი ვარ საიმისოდ რომ სხვისი სურვილებით და კარნახით ვიცხოვრო.

მომეცით უფლება რომ ჩემი ცხოვრება მქონდეს და ბედნიერი ვიყო

Read Full Post »

დღეს კვირაა, ის ბედნიერი კვირა როდესაც თვეში 1ხელ ამ დღით მიწევს ხოლმე დასვენება ❤ გუშინ საღამოს  სოფელში წასვლას ვაპირებდით ყველა  ჭირნახულს დასაბინავებლად 🙂  საღამოს დედამ დამირეკა, საშინლად ცივა, ბავშვის წამოყვანა არ ღირსო, მის გარეშე მე ვერ წავიდოდი, 1დღე ხომ მაინც უნდა პატარას დედა გვერდით. დღეს დილით გიო და ლევანი წავიდნენ უჩვენოდ. 1საათი იქნებოდა ალბათ, რომ დავურეკე და ვაშლს კრეფენ ხეზე არიან ასულებიო 😀 მათთან მომინდა ყოფნა, იმიტომ კი არა რომ ვაშლის კრეფის სურვილი მკლავდა :დ იქაურობა მომენატრა, სახლი, ეზო სადაც ბავშვობის ყველაზე ლამაზი პერიოდი მაქვს გატარებული. ჩემი პაპიდა ❤ აქედან მიხარია ხოლმე იქ წასვლა. იქ ჩასული უკან  მოვრბივარ. რაც ბებო გარდაიცვალა მას შემდეგ ძალიან მიჭირს. არ შემიძლია დღემდე ვერ შევეგუე მის არ ყოფნას. აქ რომ ვარ ვერ აღვიქვამ იმდენად მტკივნეულად, სოფელში რომ ჩავდივარ სულ მასზე ვფიქრობ. დღესაც მთელი დღეს უაზროდ ვიბორიალე წინ და უკან. იქაურობაზე ვფიქრობდი სულ. ბავშვობა მახსენდებოდა.  მე და ჩემი და დიდ ვერანდაზე ან ბაღში გავშლიდით ხოლმე პლედებს და ვიყურებოდით ცაში, ვუყურებდით მოსრიალე ღრუბლებს, როგორ იცვლიდნენ ფორმებს, თვითმფრინავების ნაკვალევს მანამდე ვიდრე საერთოდ არ აირეოდნენ ერთმანეთში და არ დაკარგავდნენ ფორმას. ვოცნებობდით 1000სისულელეზე, თუ მამა საქართველოში არ იყო ყოველ გადაფრენილ თვითმფრინავში ჩვენი ფანტაზიით მამას ჩავსვამდით და ხელს ვუქნევდით აქედან ❤  შემოდგომით როდესაც პაპა ვაშლის დასაბინავებლად იწყებდა მზადებას პირველ რიგში პატარა ყუთებს მოიტანდა. ჩვენ ჩვენებურად ვიყენებდით ამ ყუთებს ხეზე ვაშენებდით  სახლებს, შტაბებს, ლამის სამუდამოდ იქ გადავცხოვრებულიყავით ხოლმე 🙂

მენატრება ეს ყველაფერი, ტირილამდე მენატრება!!!

Read Full Post »

როდის შევხვდით? როდის აღმოვაჩინე? ძალიან დიდი ხნის წინ.აქ საუბარი არაა ადამიანებზე, დღეს ჩემს საყვარელ მუსიკოსებზე მინდა მოვყვე. პირველად ალბათ 4წლის ვიქნებოდი მამას ფირსაკრავებში ქექვისას რომ გადავაწყდი,რატომ მომეწონა, ან რატომ მომინდა მაშინ მათთვის მომესმინა არვიცი, უბრალოდ მახსოვს ჩავრთე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუსმენდი.  ეს იყო  Deep Purple ალბომით The House of Blue Light. ახლაც სათუთად ვინახავ ამ ”დისკს”

შემდეგ იყო დიდხნიანი პაუზა,  გარშემო თითქმის არავინ უსმენდა ფარფლებს,(არც არავის ეცალა მუსიკის მოსასმენად იმ პერიოდში) ამასობაში გავიზარდე და შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზვიად მასწავლებელს რომელმაც ისევ თავიდან აღმომაჩენინა და შემაყვარა ეს ჯგუფი, ოღონდ ამჯერად უკვე სულ სხვაგვარად, სხვა კუთხით. მუსიკის  მიღმაც შევიხედე და მაშინ მივხვდი ეს იყო გრძნობების, ადამიანის სულის გამოძახილის, თავისუფლების ნამდვილი ხმები.

მე ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერს გიო ჩემზე უფრო მძაფრად აღიქვამს და ჩემზე მეტად გრძნობს. ჩვენი ურთიერთობაც იან გილანის გარშემო დაიწყო და განვითარდა. ჩვენთვის მომღერალზე და მუსიკოსზე გაცილებით მეტია. ოჯახური თილისმასავითაა 🙂  ერთი ოცნება უკვე ავიხდინეთ, ჩვენს ერთერთ love songsს ცოცხლად მოუსმინეთ, ახლა მომდევნო ოცნების ახდენას ველოდებით. როდის დაიდება ამ ვებ გვერდზე ნიუსი სათაურით ”გილანი საქართველოში”. მაშინ იქნებ და ნამდვილად შევხვედროდით ერთმანეთს….. 🙂

Read Full Post »

ბლოგის პოსტებს გადავხედე და თითქმის არაფერი მიწერია ანოს შესახებ, რა უყვარს, რას აკეთებს, მეეჭვება ბევრს აინტერესებდეს ეს მაგრამ მაინც 🙂 გადავწყვიტე ისეთი რამეზე დამეწერა ბევრ ბავშვთან რაც აქვს საერთო.

თითქმის ყველა პატარას საყვარელი სიმღერა 🙂  I am your Gummy Bear

გერმანელი კომპოზიტორის ქრისტიან შნაიდერის სიმღერაზე გადაღებული  30 წამიანი ვიდეო, რომელმაც საღეჭი დათუნიები Gummybear  მართლაც რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით გახადა პოპულარული. სიმღერა 7ზე მეტ ენაზეა უკვე ნათარგმნი და ძალიან წარმატებით იყიდება სარეკლამო ბაზარზე. საბერძნეთში ძეხვის რეკლამას ადევს ფონად 🙂 იაპონიაში პერსონაჟ გუმიზე  შექმნეს ვიდეო თამაში “ითამაშე მსოფლიოსთან ერთად” . ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი გამოსახულებიანი ტანსაცმელი თუ სხვადასხვა აქსესუარები.

Read Full Post »

მორიგი წვიმა–წარღვნის შემდეგ, ელ. ენერგია გაითიშა. მიყვა ინტერნეტიც, მოვიდე ლეპტოპი და დავიწყე წერა, იმ იმედით რომ გვიან ღამით მაინც დავაფაბლიშებდ]ი ამ პოსტს. ნახევარი საათია სინათლე არაა და სანთლის შუქი გვინათებს ოთახს.  სამეცადინო მაქვს და ჩემთვის ვბუზღუნებ რა არის, როგორ წავიკითხო, ვერაფერს ვხედავ, ისე თითქოს 10–15 წლის უკან ჩვეულებრივი მოვლენა არ ყოფილიყოს უშუქობა. ლილუს პოსტი გამახსენდა, რამდენი გამოვიარეთ, რამდენს გავუძელით. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს რა დადებითი და უარყოფითი დამიტოვა იმ დრომ,  უბრალოდ იმ ფაქტებს გავიხსენებ არასოდეს რომ არ დამავიწყდება, და რომლებიც თავისდა უნებურად ამომიტივტივდნენ წეღან სანთლის შუქზე.

1. თურქული ლამფის შუქზე გათენებული ღამეები, დილით კიდევ  შეჭვარტლული ცხვირის ნესტოები. 

2. რატომღაც ფანჯარაში გამოდგმული ელემენტებიანი მოგნიტოფონი ძირითადად NANA Coolio 2PACის რეპერტუარით 🙂

3. ლიკრის კაბები

4. ზვიადისტების მიტინგები ტექსტებით „სატანებოოოო, კაცის მკვლელებოოოო“ .

5. სადაც ზვიადისტებს ვახსენებ იქ რომ თემურ მღებრიშვილი არ გავიხსენო უსამართლობა იქნება, მისი სრულიად ალოგიკური კომენტარებით.

6. დღემუდამ გადამწვარი მეცხრე ბლოკი.

და სერგი გვარჯალაძის დაუვიწყარი სიტყვები 🙂 ”გამარჯობა, გაგიმარჯოს, მე ვარ სერგი მინდა შემოგთავაზოთ ქართული რეპი” გაგრძელება ვისაც ახსოვს ყოჩაღ იმას 😛

ეს ძალიან მოკლე ჩანაწერია, თუმცა ბევრს აგიშლით მოგონებების საღერღელს დარწმუნებული ვარ

Read Full Post »

ამ ბოლოს ჩემს თავს შევატყვე რომ მონატრებამანიამ შემიპყრო, ყველაფერი მენატრება. 3ღამეა ინტენსიურად ვმეცადინეობ ACCAს და აღმოვაჩინე რომ უზომოდ, უზომოდ მომნატრებია სწავლა. შეიძლება ვინმემ იფიქროს ეს რაღა მოსანატრებელიაო მაგრამ არის 🙂 წუხელ რომ დავწექი მელნის და ქაღალდის სუნი ამდიოდა თითებზე,ამ სუნმა გადამისროლა მოგონებებში. ყოველთვის დიდ მაგიდასთან ვიჯექი, ყველა რვეული,წიგნი თუ კონსპექტი საჭირო ადგილას მქონდა გადაშლილი, ფურცვლაში დრო არ დამეკარგა, იქვე რამოდენიმე კალამი ეგდო, ერთიც დამატებით თმებში მქონდა გარჭობილი. ყოველთვის მედგა უუუზარმაზარი ჭიქით ჩაი, ყავას იშვიათად ვწყალობდი, თუ ძალიან არ ჩამომეძინებოდა მანამდე არ ვეკარებოდი 🙂  ბავშვობაში მეგონა წიგნს ბალიშის ქვეშ თუ დავიდებდი თავისით შეფრინდებოდა რაც იქ ეწერა თავში, დიდობისას მეცადინეობაში ღამენატეხს რამდენჯერ მინატრია რომ მართალი ყოფილიყო 🙂

ახლაც ჩემს მაშინდელ ოთახში ვზივარ, ვმეცადინეობ შიგადაშიგ ვნატრობ თავში თავისით შეფრინდეს რაღაცრაღაცეები, მაგრამ უფრო ძირითადად ვბეჯითობ. 13ში მეორე შიდა გამოცდა მაქვს დიდი იმედი მაქვს კარგად ჩავაბარებ. წუწუნი და წინასწარ ტირილი ჩემი სტილია, დარტყმა ადვილად რომ გადავიტანო ხოლმე მაგრამ საბედნიეროდ ასეთი რამ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ჯერ და დიდი იმედი მაქვს არც მოხდება 🙂

Read Full Post »

ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტები როდესაც წარსული სასიამოვნოდ გვახსენებს თავს. გასულ კვირას ჩემ სოფელში ვოიაჟსაც ქონდა ასეთი ეფექტი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ დედამ ყველა ჩემი სკოლის დროინდელი რვეული თუ ჩანაწერი ერთ ყუთში მოათავსა და სოფელში შეინახა. შაბათს აივანზე ბოდიალისას შემთხვევით გადავაწყდი ამ ყუთს, გავხსენი და წავედი შორს უკან, ჩემს ბავშვობაში…სათითაოდ ვიღებდი ამ დამტვერილ რვეულებს ვათვალიერებდი, განსაკუთრებით უკან გვერდებს, ჩემი და ეკას წერილები და ნაჯღაბნები ჭარბობდა ტექსტით: აუ მე არ გამიძახოს, თუ გამიძახებს ეს ადგილი მიკარნახე, დღეს მუსიკა მაქვს და მეზარება, აუ მეც, მოდი გავაცდინოთ. შეხედე მასწავლებელს სად იყურება, ჭერში ბუზებს თვლის? აუ ოფოფივით აქვს თმები და ა.შ. რამდენჯერ დავუჭერივართ ამ რვეულების მიწოდება-მოწოდების დროს 🙂 ვაგრძელებ ქექვას, წიგნები, სავარჯიშოები, წერილები ბოლოს ერთი იყო დარჩენილი, გაცრეცილი და დათხელებული, მაშინვე ვიცანი, ოდესღაც 100ფურცლიანი რვეული იყო, ქართულისთვის, მაგრამ დღეს 40ფურცელზეა ჩამოსული. გადავფურცლე და რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. მეცხრე კლასის რვეული იყო, ამ პერიოდში განსაკუთრებით მინდოდა რეპორტიორობა, ვიჯექი და ვწერდი ჩანახატებს, ვიღებდი ინტერვიუებს სკოლის გაზეთისთვის. მერე იყო ზვიადისთან კერძო გაკვეთილები. ამ ადამიანმა უამრავი რამ მასწავლა, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ინტერვიუებს მავალებდა ლიტერატურულ პერსონაჟებთან, არჩევანში არ მზღუდავდა, მეც ბედნიერი ვიყავი, ვწერდი და ვწერდი. ამ რვეულში რამოდენიმე ასეთი ინტერვიუ იყო შემორჩენილი, თვითონაც გამიკვირდა რამხელა ფანტაზია მქონია 14-15წლის ასაკში 🙂 პირველი დავალება იყო ინტერვიუ ჩემს საყვარელ ლიტ. პერსონაჟთან. და ვინ იყო ის? გამოცნობა თქვენთვის მომინდვია 🙂

– გამარჯობათ მის შარპ. გმადლობთ რომ დამთანხმდით შეხვედრაზე.
მის შარპ მე არ შემიძლია ჩვენი საუბრის დასაწყისშივე არ შეგადაროთ კვაჭი კვაჭანტირაძესა და ოსტაპ ბენდერს. თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ,მიუღებელი ხომ არაა თქვენთვის?
– არა რატომ, ჩვენ სამივე ძალიან ვგავართ ერთმანეთს, არაფრისგან ვცდილობთ რაღაც შევქმნათ, ყველას და ყველაფერს ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყენებთ, ცივი გონებით ვმსჯელობთ, გრძნობებს არ ავყვებით, არავინ გვიყვარს საკუთარი თავის გარდა. მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად და სხვები არ გვეკითხება.
– თქვენ სიყვარული ახსენეტ. იყო ადამიანი რომელსაც თქვენ უსაზღვროდ უყვარდით, მაგრამ თქვენ არც ის დაინდეთ.
– მის სედლის გულისხმობთ ალბათ არა? ემილია ჯორჯ ოზბორნისთვის ცოცხლობდა, ადამიანისთვის რომელიც მთელი არსებით მძულდა. სამწუხარია ემილია ჩემი შურისძიების მსხვერპლი რომ გახდა.
-მის შარპ თქვენ გყავდათ კიდევ სხვა კეთილის მსურველიც, მის კროული, რომელიც ტქვენ დიდ პატივს გცემდათ.
– მართალია, მის კროული როუდონის მამიდა რომ არ ყოფილიყო ჩვენ ბოლომდე ერთად დავრჩებოდით. ჩვენს ხასიათებში ძალიან დიდი მსგავსება იყო, ალბათ ეს იყო ურთიერთპატივისცემის ერთერთი მიზეზი
– სერ პიტზე რას მეტყვით?
– სერ პიტი? უზომოდ ძუნწი, გადაგვარებული და გაქსუებული ”წარჩინებული” წარმოიდგინეთ ”არისტოკრატი” რომელიც მთელი დღე იმას ფიქრობს როგორია თალგამის მოსავალი ან კიდევ რამდენს იწონის გასუქებული ბურვაკი!
– თქვენ გქონდათ შანსი მისი მეუღლე გამხდარიყავით. მან ცოლობა გთხოვათ
– ყველაფრის მიუხედავად სხვა მდგომარეობაში მე ამ წინადადებაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ სამწუხაროდ, იმ დროს უკვე გათხოვილი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის შემოთავაზებული ყველაზე იღბლიანი წინადადება რაც ჩემი წინდაუხედაობის გამო ვერ განხორციელდა.
– როუდონ კროული, რატომ გათხოვდით მასზე?
– იმის მიუხედავად რომ როუდონი მის კროულის მემკვიდრე იყო, სამწუხაროდ ჩვენი ნაბიჯები ბოლომდე მაინც ვერ გავთვალეთ და მემკვიდრეობის გარეშე დავრჩით.
– თუმცა თქვენ ამ მემკვიდრეობის გარეშეც მშვენივრად გრძნობთ თავს
– ნამდვილად.როუდონი ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. ჩვენ გენერალ ტაფტთან დაახლოებული პირები ვართ, ეს კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს ინგლისში. ასევე ძალიან გვეხმარება მის კროულის სახელიც, რომელიც ძალიან კარგად ახსოვთ ლონდონში.
– მის შარპ თქვენ შეგეძინათ შვილი, რას აპირებთ მასაც თქვენი პრინციპებით აღზრდით?
– რატომაც არა? მე ჩემი პრინციპებით მივაღწიე იმას რაც მაქვს. ვერავიტარ ცუდს ვერ ვხედავ ამაში.
– დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. გისურვებთ ახლა მაინც დაგესვენათ ამაოების ბაზრის ფაციფუცისა და შეხლა-შემოხლისაგან

ზედმეტად ბავშვურია, ბევრი შეცდომაა, არც თუ ისე გამართული წინადადებები 🙂 მაგრამ მაინც კარგია
აფსუს ჩემო დაკარგულო ჟურნალისტის ნიჭო 😀

Read Full Post »

Older Posts »